თურქეთი რუსი ჟურნალისტებისთვის ვიზებს აწესებს

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პასპორტი
რუსეთის პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთი 15 თებერვლიდან ქვეყანაში სამუშაოდ ჩასული რუსი ჟურნალისტებისთვის ვიზებს აწესებს. ვიზების მოქმედების ვადა ნახევარი წლით განისაზღვრება. პოლიტოლოგმა იგორ შატროვმა რადიო Sputnik-ის ეთერში ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ანკარა რუსეთთან ურთიერთობებში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ანკარა ორშაბათიდან, 15 თებერვლიდან რუსი ჟურნალისტებისთვის, ვინც თურქეთში ხანმოკლე დროით ჩადის, ვიზებს (ექვს თვემდე ვადით) აწესებს. გარდა ამისა, ჩასვლისას ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა აიღოს დროებითი საშვი, რომელიც მას ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესიული საქმიანობის უფლებას მისცემს.

თურქეთში მუდმივად მომუშავე კორესპონდენტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები არ შეცვლილა. მათ, როგორც ადრე, გრძელვადიანი სამუშაო ვიზა უნდა მიიღონ. ამასთან, ოფიციალურმა ანკარამ გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ განსაკუთრებით გააკონტროლებს აღნიშნულ პროცესს.

კონსტანტინე კოსაჩოვი - Sputnik საქართველო
კოსაჩოვი: თურქეთი ჩიხშია, არსებობს ომის რისკი

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 წლის 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა სირიის ტერიტორიის თავზე რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო.

თანამედროვე იდეოლოგიის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პოლიტოლოგი იგორ შატროვი მიიჩნევს, რომ რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ ქმედებებით თურქეთი ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავს.

„ვფიქრობ, ეს თურქული რეჟიმის კრიზისია, რომელმაც არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ვითარებას და ასეთ არაადეკვატურ ზომებს იღებს. თურქეთი ამგვარად მხოლოდ აღრმავებს სიტუაციას და ჩვენი ურთიერთობები კრიზისის მდგომარეობაში უფრო შორს შეჰყავს. ამასთან, თურქეთს დღეს თავისუფალი პრესა არ სჭირდება, არ სჭირდება ინფორმაცია რეალური ვითარების შესახებ, განსაკუთრებით თურქეთ-სირიის საზღვარზე. ისინი, უბრალოდ, შიშობენ, რომ რუსი ჟურნალისტები სარწმუნო ინფორმაციას გაავრცელებენ და ნებისმიერი ხერხით ცდილობენ, მათი საქმიანობა შეზღუდონ. ამ სიახლის ჩემეული აღქმა მხოლოდ ასეთია“, — განაცხადა იგორ შატროვმა რადიო Sputnik-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლება თავის ქვეყანაში ოპოზიციონერ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს არაერთხელ დევნიდა. ამიტომ, პოლიტოლოგის აზრით, იმის მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ ანკარა რუსული მედიის მიმართ ლოიალური იქნება.

„სამწუხაროდ, ეს მრავალი წელია, გრძელდება. ის, რომ რუს ჟურნალისტებს თურქეთში არსებული ვითარების შესახებ უფრო დეტალურად შეუძლიათ ისაუბრონ, თურქეთის მთავრობას ძაბავს. ბუნებრივია, თუ ისინი თავისი ჟურნალისტების მიმართ ასეთ ზომებს იღებენ, რუსი ჟურნალისტების მიმართ რაიმე კარგს ელოდო, არ ღირს. და შესაძლებელია რეპრესიები არა მხოლოდ იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც მოკლევადიანი ვიზიტებით ჩადიან, არამედ საკუთარი კორესპონდენტების მიმართაც, რომლებიც დიდი ხანია, აკრედიტებულნი არიან თურქეთში. ისინი ამჟამად იძულებულნი არიან გარე აგრესიის რეჟიმში იმუშაონ“, — განაცხადა იგორ შატროვმა.

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე რუსი ჟურნალისტების შესვლის გამკაცრება დასავლეთში უარყოფით რეაქციას არ გამოიწვევს.

„ამერიკელი ან ევროპელი ჟურნალისტების მიმართ რომ მიეღოთ ასეთი ზომები, ახლა ამის წინააღმდეგ მთელი ე. წ. მსოფლიო თანამეგობრობა, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის სამყარო ადგებოდა, რომელიც თავს ხშირად მსოფლიო თანამეგობრობასთან აიგივებს. ხოლო რეპრესიები რუსი ჟურნალისტების მიმართ მათ რუსეთის კერძო საქმედ მიაჩნიათ — ასეთი ვითარებაა დღეს მსოფლიოში“, — განაცხადა პოლიტოლოგმა.


ყველა ახალი ამბავი
0