თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თურქეთი ჩიხში აღმოჩნდა, დასავლეთი მას მხარდაჭერის გარანტიას არ აძლევს, არსებობს ირანის მონაწილეობით პოტენციური ომის რისკი და რაც „კიდევ უფრო უარესია, რუსეთის მონაწილეობით“, — განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა.
მისი აზრით, თურქეთის ხელძღვანელობა საუდიტების მხარდაჭერით პირდაპირი აგრესიაზე გადასვლის ცთუნების წინაშე დგას.
„მაგრამ თურქეთმა უნდა იცოდეს, რომ მას დასავლეთის მხარდაჭერა გარანტირებული არ აქვს (იქ მოლაპარაკებებზე დებენ ფსონს და გამწვავება მათთვის დროული არ არის); არსებობს სრულფასოვანი ომის რისკი — ირანის პოტენციური მონაწილეობითა და რაც კიდევ უარესია, რუსეთისა, რომელმაც უკვე დაადასტურა საკუთარი ძალა, ამ ძალის გამოყენების ცოდნა და მისთვის მზადყოფნა“, — ხაზი გაუსვა სენატორმა.
ამას გარდა, სირიის შეიარაღებულ ძალებს სრული საფუძველი ექნებათ, სრულმასშტაბიანი დახმარება აღმოუჩინონ ნებისმიერ ძალებს, რომლებიც თურქეთის აგრესიას აღუდგებიან წინ, — დაამატა კოსაჩოვმა.
„თურქეთის ნაბიჯები ჩიხური მდგომარეობით აიხსნება, რომელშიც მისი ხელმძღვანელობა აღმოჩნდა. ჩიხი მთავარი მიზნის — ასადის რეჟიმის დამხობისა და ამ ქვეყნის ქურთული მოსახლეობის ჩახშობის ჩავარდნითაა გამოწვეული. პირველი მიზანი ანკარის დასავლელი მოკავშირეებისთვის უკვე აღარ არის მთავარი, ხოლო მეორე — ასეთი არც არასდროს ყოფილა“, — აღნიშნა კოსაჩოვმა. რეჟიმის დამხობის მაგივრად შესაძლოა დაეცეს ალეპო, რაც პრაქტიკულად „თურქეთის სირიის პროცესების ჩარჩოებს მიღმა გასვლას“ ნიშნავს, — დაამატა მან.
კოსაჩოვის თქმით, ქურთები — ეს ყველაზე ძლიერი მოთამაშეები არიან თურქეთის პოტენციური შეტევების სივრცეზე. „თუ ქურთებს იარაღს მივცემთ (რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს აქამდე არ გაუკეთებია, მაგრამ სირიასა და ერაყს ამაში ხელს არავინ უშლის), ამ შემთხვევაში მათი ძალები სერიოზულ წინააღმდეგობად იქცევა თურქეთის გეგმებისთვის, რუსეთის ჩაურევლადაც კი“, — ვარაუდობს რუსი სენატორი.
„იმის ვარაუდი, რომ ლოგიკას უმოწყალოდ მივყავართ ომამდე, მართებული არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი რამ — თუ არა ყველაფერი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ შორს წაიყვანს თურქეთს პირადად ერდოღანი. და ეს ყველაზე საშიშია. იმიტომ რომ აქ ყველაფერს 90%-ით ერთი პერსონაჟის სუბიექტური ფაქტორი წყვეტს“, — თქვა პარლამენტარმა.
კონსტანტინ კოსაჩოვს მიაჩნია, რომ ჩასატარებელია რთული სამუშაო, სადაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს ყბადაღებულ ევროატლანტიკურ სოლიდარობას ა–ლა ნატო, და რომელშიც რუსეთის, აშშ–ისა და ევროკავშირის ინტერესები უნდა იყოს თავმოყრილი. „ობიექტურად [ინტერესები] უკვე ახლოსაა ერთმანეთთან, მაგრამ კიდევ საჭიროა ლიდერთა ნება და სურვილი იმისა, რომ აღიარონ ეს და მოქმედებას შეუდგნენ“, — დაასკვნა მან.