საქართველოს ნაკრების ექვსი მოჭიდავე დოპინგის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი

გამოწერა
პირველადი ტესტების ჩატარების შემდეგ ექვსი ქართველი მოჭიდავის სისხლში აკრძალული პრეპარატი მილდრონატი აღმოაჩინეს. ისინი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელები არ არიან.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ექვსი მოჭიდავე (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილნი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ქართულმა ანტიდოპინგურმა სააგენტომ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოსგან უწყება მიიღო, რომ ექვსი ქართველი მოჭიდავე (მათი ვინაობა არ სახელდება) აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილნი. ჩატარებული ტესტების შედეგები პირველადია და სანამ საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოდან ოფიციალურ უწყებას არ მიიღებენ, ქართული ანტიდოპინგური სააგენტო არანაირ ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს.

მანუჩარ კვირკველია - Sputnik საქართველო
ქართველ მოჭიდავეებს ცხრა ოლიმპიური ლიცენზიის მიღების იმედი აქვთ

„ამ დროისთვის 28 მონაცემი მივიღეთ და კიდევ ოთხს ველოდებით. სამწუხაროდ, ექვსი სპორტსმენის სისხლში დოპინგის კვალია აღმოჩენილი. მათ ამ სინჯების შედეგების გაპროტესტება შეუძლიათ და ამიტომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩასატარებელია კვლევები და შესაბამისი პროცედურები, რათა სანქციების გამოყენებაზე საბოლოო დასკვნები გაკეთდეს“, — განაცხადა ქართული ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელმა პალიკო კასრაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პრეპარატი, რომელზეც არის საუბარი, მილდრონატია, რომელიც 2016 წლამდე აკრძალული არ იყო. დოპინგის კატეგორიაში ის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ახალი რეგულაციების შემდეგ შევიდა. უახლოეს მომავალში საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია აპირებს გაარკვიოს, როგორ მოხვდა პრეპარატი სპორტსმენთა სისხლში.

„საუბარია საქართველოს ნაკრების ექვს მოჭიდავეზე. არცერთი მათგანი ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი არ არის“, — განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა მალხაზ ჯორბენაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0