თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თუ ანკარა ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილებისთვის თავის საზღვარს ჩაკეტავს, რუსეთს შეუძლია თურქეთის ბედი გაიმეოროს და მიგრანტების ტალღის წინაშე აღმოჩნდეს, განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ ტელეარხ MTV News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„თუ თურქეთი ლტოლვილებისთვის თავის საზღვრებს ან ევროკავშირთან საზღვარს დაკეტავს, მიგრანტთა არაკონტროლირებადი ნაკადი სხვა ადგილას მოიყრის თავს. ამ თვალსაზრისით, რუსეთი შეიძლება, რაღაც მეორე თურქეთისმაგვარი გახდეს“, — ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ახალი ამბების პორტალ freeenewz.xyz-ზე დაყრდნობით.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვზე ამჟამად ბევრი რამაა დამოკიდებული, რამდენადაც მიგრანტები, რომლებიც აქამდე ევროპაში ბალკანეთიდან გადადიოდნენ, ახლა რუსეთისკენ გაემართნენ. ნიინისტე ვარაუდობს, რომ ფინეთში, ესტონეთსა და ლატვიაში უფრო მეტი ლტოლვილი ჩავა.
ლტოლვილების ნაკადი ახლო აღმოსავლეთიდან რუსეთის მურმანსკის ოლქის სამხრეთით, ფინეთთან საზღვარზე მატულობს. ლტოლვილებს ველოსიპედებით საზღვრის გადაკვეთა აეკრძალათ,როგორც ეს მანამდე იყო ნებადართული. ამ საშუალებით უამრავმა ლტოლვილმა ისარგებლა და მურმანსკის ოლქიდან ნორვეგიაში გადავიდა. ზოგიერთი მონაცემით, ლტოლვილები შეგროვებული ფულით ძველ ავტომობილებს ყიდულობენ და სასაზღვრო პუნქტზე თავის რიგს იქ ელოდებიან. მურმანსკის ხელისუფლების ინფორმაციით, ფინეთთან საზღვარზე ყოველდღიურად თავშესაფრის ძიებაში დაახლოებით ოცამდე ადამიანი გადადის.