თბილისი, 12 თბერვალი — Sputnik. სამი დაკარგული ადამიანი, რომელსაც სამეგრელოს პოლიცია ეძებდა, გარდაცვლილები იპოვეს.
როგორც Sputnik-ის კორესპონდენტი სოფო კაკაჩია იტყობინება, სამართალდამცველებმა სოფ. ურთას მიმდებარე ტყეში დაკარგულების გვამები დამარხული აღმოაჩინეს.
ჯერჯერობით დაუდასტურებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე, სამეგრელოს მკვიდრი, ყოფილი სპეცრაზმის წევრი დააკავა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში პოლიცია სამ ადამიანს ეძებდა. ორი ზესტაფონის და ერთი ხობის რაიონის მკვიდრი იყო, რომლებიც ნახირით ვაჭრობდნენ, ოთხშაბათს დილას გავიდნენ სახლიდან და უგზო-უკვლოდ გაქრნენ. ამ დროისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში მდინარე ჯუმთან ნაპოვნია დაკარგულების კუთვნილი, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი.
როგორც გუშინ ერთ-ერთი დაკარგულის მეუღლე აცხადებდა, მათ თან ჰქონდათ საქონლის შესაძენი საკმაოდ დიდი თანხა და შესაძლოა, მათი გაუჩინარება ამასთან იყოს დაკავშირებული.
პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.