თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ღვთისმსახურს შეუძლია ყველაფერი აკურთხოს, რაც ადამიათან არის დაკავშირებული, მაგრამ არა ცალკეული საგნები, განმარტა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ თბილისში "iPhone+" —ის მაღაზიის კურთხევასთან დაკავშირებით.
თბილისში მაღაზია "iPhone+"-მა განაცხადა, რომ კომპანია Apple-ის ნაკურთხი ტელეფონების გაყიდვა დაიწყო. მაღაზიის მარკეტინგული სვლა სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანი გახდა.
„ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადამიანთან და მის ცხოვრებასთან, შეიძლება იკურთხოს, რათა ის ღვთისგან დალოცვილი იყოს. მღვდელმა ალბათ შენობა აკურთხა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ნაკურთხი ტელეფონები იყიდება. დარწმუნებული ვარ, რომ ნივთები არავის უკურთხებია“, — განუცხადა მამა დავითმა საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия"-ს.
მამა დავითის განმარტებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეწარმეები რელიგიურ თემას მარკეტინგული მიზნებისათვის იყენებენ.
პარიზის ტერაქტებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, "iPhone+"-მა ქსელში გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც კომპანიის თანამშრომლები ნიღბებით სახეზე, არაბულ ენაზე სხვა კომპანიებს მწვავე კონკურენციით ემუქრებიან და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისაკენ მოუწოდებენ. ვიდეოჩანაწერის ბოლოს, ადამიანები ნიღბებში ყვირიან „ალაჰ აკბარ“. ვიდეორგოლმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია.