თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოლოდროინდელი მოვლენებისა და განცხადებების ფონზე — რომლებიც დონბასში უკრაინელი სამხედროების პოზიციების გასაჯაროებას უკავშირდება, უარი თქვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დაცვაზე.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, „ალფას“ ბიჭების საქმიანობას, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში მიცავდნენ. ბოლოდროინდელი მოვლენების, განცხადებების ფონზე და ასევე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც მე ვფლობ, ოფიციალური წერილით მივმართე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, რომელშიც უწყების მიერ დაცვის უზრუნველყოფაზე უარი განვაცხადე. მე არავისი და არაფრისა არ მეშინია და დღეიდან ოდესაშიც და მთელ ქვეყანაშიც დაცვის გარეშე ვიმოძრავებ“, — დაწერა მან საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სამხედრო ოპერაციების საკითხებში ანდრეი ლისენკომ „ნოვაია გაზეტასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება სააკაშვილის იმ განცხადებების გამო, რომლებითაც მან უკრაინის სამხედრო ძალების პოზიციები გაამჟღავნა. თავად შსს-ს ეს ინფორმაცია არც უარუყვია და არც დაუდასტურებია.
ამის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძალისმიერმა უწყებებმა კიევიდან მიღებული მითითების საფუძველზე, ყველა იმ პროექტის გამოძიება დაიწყეს, რომლებსაც მისი გუნდი ახორციელებს.
შეგახსენებთ: გარკვეული პერიოდის წინ უკრაინულმა ტელეარხმა „1+1“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ინტერნეტში განათავსა ვიდეო, რომელზეც დონბასში უკრაინული ბლოკპოსტების პოზიციებიც ჩანდა და რუკაც ახლდა. მედიის ინფორმაციით, სააკაშვილმა ვიდეორგოლი დონბასში საბრძოლო ოპერაციის ზონაში ყოფნისას გადაიღო, როდესაც ბატალიონ „შტორმის“ მებრძოლები მოინახულა.
როგორც მედია წერდა, ვიდეოჩანაწერში თვალთვალის საიდუმლო პოსტიც ჩანდა, მებრძოლთა სახეებიცა და ასევე ოპერატიული რუკაც, რომელსაც მეთაურის განმარტებები ახლდა.