თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ირანი მზადაა, მიაწოდოს საქართველოს გაზი — როგორც შიდამოხმარებისთვის, ისე ევროპაში ტრანზიტით გასატარებლად, — განაცხადა საქართველოში ირანის ელჩმა აბას თალები-ფარმა (Abbas Talebi-far) გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
„მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა იმოქმედოს თავის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე და ლოგიკურია, რომ ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს ეძებდეს, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო.
ირანი მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს ენერგეტიკულ სფეროში და მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისათვის ევროპაში, რაც თქვენს ქვეყანას კიდევ დამატებით შემოსავალს მოუტანს“, — განაცხადა ელჩმა.
ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები და განიხილება რამდენიმე მარშუტის ვარიანტი, თუ საიდან შეიძლება მიიღოს საქართველომ გაზი ირანისგან.
„ერთ-ერთ ვარიანტად აზერბაიჯანიც განიხილება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს თავისი ტერიტორიის გავლით მიაწოდოს ჩვენი გაზი საქართველოს. სომხეთიც აგრეთვე გამოთქვამს მზადყოფნას, რათა გამოყენებული იქნას არსებული შესაძლებლობები. ამასთან, განიხილება სვოპის პრინციპით გაზის ტრანსპორტირების საკითხი, როგორც დამატებითი ვარიანტი“, — აღნიშნა აბას თალები-ფარმა.