თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ირანთან ურთიერთობის გაღრმავებას გეგმავს, რისთვისაცსტრატეგიულ პარტნიორებთან წინასწარ კონსულტაციებს გადის, — განაცხადა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ პრესკონფერენციაზე.
ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საქართველომ, შესაძლოა, ირანის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს. ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აცნობა სატელეფონო საუბრისას.
ახლა, როდესაც ირანი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფართო ასპარეზზე გავიდა, რასაკვირველია, საქართველოც უფრო დაცულად გრძნობს თავს. არ მინდა ჩრდილი მივაყენო ირანის არცერთ მოქალაქეს ან ირანის ხელისუფლებას, მაგრამ ადრე იყო ბევრი ისეთი პროცესი, მათ შორის ფარულიც, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იყო ირანის ტერიტორიაზე… თუმცა ახლა სიტუაცია ირანთან რადიკალურად შეიცვალა და ჩვენც ვფიქრობთ ადეკვატურ ნაბიჯებზე“, — აღნიშნა ვოლსკიმ.
ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრამდე, როგორიცაა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, საქართველოს ხელისუფლება კონსულტაციებს მართავს სტრატეგიულ პარტნიორებთან, უპირველესად, უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით.
„არის საკითხები, რომლებშიც საქართველოს დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს. მაგრამ გარწმუნებთ, იმისათვის რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას, ნებისმიერ საკითხზე, რომლებიც გლობალურ და მნიშვნელოვან თემებს ეხება, ჩვენ ინტენსიურ კონსულტაციებს ვმართავთ როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან“, — განაცხადა ვოლსკიმ.
ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად დაწესდა 2013 წელს, ანუ მისი გაუქმებიდან ორნახევარი წლის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი გაეროს რეკომენდაციით ახსნა.