თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი 2016 წლის იანვრის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა, განაცხადეს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
იანვარში მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1,52 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ქართული ღვინო.
რუსეთი, რომელზეც დაახლოებით 960,5 ათასი ღვინის ბოთლი მოდის, კვლავ ძირითად საექსპორტო ქვეყნად რჩება. მას მოსდევს უკრაინა (199,7 ათას ბოთლზე მეტი), პოლონეთი (დაახლოებით 114,3 ათასი ბოთლი), ჩინეთი (დაახლოებით 45,2 ათასი ბოთლი) და ლიტვა (დაახლოებით 44,9 ათასი ბოთლი).
იანვრის პერიოდში ექსპორტი რუსეთში 162%-ით გაიზარდა, პოლონეთში — 22%-ით, ხოლო ლიტვაში — 34%-ით.
ღვინის სააგენტოში განაცხადეს, რომ საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტმა, რომელიც ექვს ქვეყანაში ხორციელდება, დაახლოებით 563 ათასი ბოთლი (0,5 ლიტრი) შეადგინა. ფულადი გამოსახულებით ბრენდის ექსპორტმა 1,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
მთლიანობაში, ამა წლის იანვრის თვეში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინის მასალების, ჩამოსასხმელი ბრენდისა და სპირტის ექსპორტმა ფულადი გამოსახულებით 6,6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 39%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 98,1 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების დაახლოებით 36,1 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ქართული ღვინო.
„ექსპორტის შემცირება რუსეთსა და უკრაინაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებით არის განპირობებული, რომლის შედეგად რუსეთში ექსპორტი 51%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინაში — 56%-ით“, — აღნიშნეს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.