თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი(Margot Wallström) სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვია და ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა.
შეხვედრების ძირითადი თემა საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს დაეთმო. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღინიშნა შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობათა და განვითარების სააგენტოს (SIDA) —ს დიდი წვლილი.
ძირითადი გზავნილები რაც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოიტანა საქართველოში, ეს არის საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ ინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაში.
ეს მხარდაჭერა ელჩმა გამოხატა შეხვედრებზე, რომელიც გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და თავის კოლეგა — მიხელი ჯანელიძესთან.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმის მიღების მიმართულებით და განაცხადა, რომ შვედეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ერთ-ერთი თანაავტორი მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში.
შეხვედრებზე საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო და აღინიშნა, რომ საქართველოსათვის 2016 წლის არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი სტანდარტებით უნდა გაიმართოს.
საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.