თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შვედეთის რადიაციულ მარეგულირებელ ორგანოს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 15 წლიანი სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის შემუშავებაში. შეთანხმების ფარგლებში, შვედეთის მარეგულირებელი ორგანო 35 000 ევროს გამოყოფს, იტყობინება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია, საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის 4 იანვრამდე დამტკიცდება.
სტრატეგიის შემუშავებაში, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და შვედი ექსპერტები, რომლებიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ევროკავშირის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლიან და გაანალიზებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას რადიოაქტიური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიგეგმება მათი უსაფრთხო განთავსების, გადამუშავებისა და შენახვისათვის აუცილებელი ღონისძიებები.
ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შვედეთის რადიაციული მარეგულირებელი ორგანოს საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისის უფროსმა ლარს ვან დასენმა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა მოაწერეს.