თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკურად მდიდარმა ქვეყნებმა კლიმატის საკითხებში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ამასთან დაკავშირებით შვედეთს აქვს ამბიცია, გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც საწვავის წიაღისეული წყაროებისგან გათავისუფლდება. ამის შესახებ განაცხადა შვედეთის პრემიერ–მინისტრმა სტეფან ლიოვენმა პარიზში კლიმატური ცვლილებების კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენი ამბიციაა, წიაღისეული წყაროებისგან თავისუფალი პირველი ქვეყანა გავხდეთ მსოფლიოში“, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რომელიც კონფერენციის ორგანიზატორთა არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცა.
შვედი პოლიტიკოსის განცხადებით, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გაფართოება, სამუშაო ადგილების შექმნით, ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, — აღნიშნა შვედეთის პრემიერ–მინისტრმა სტეფან ლიოვენმა.
ამასთან დაკავშირებით სტეფან ლიოვენმა აღნიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე გათვლებით, შვედეთი უმსხვილესი დონორია საერთაშორისო კლიმატური ფონდისა, რომელიც კოპენჰაგენის 2009 წლის კლიმატის სამიტზე (Green Climate Fund) შეიქმნა.
შვედეთის პრემიერი პარიზის კონფერენციას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რამდენადაც იქ განიხილავენ „ახლანდელი თაობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს და რამაც მომავალში პლანეტაზე სიცოცხლე შეიძლება უსაფრთხო გახადოს“.
თუმცა, მას იმედი არ აქვს, რომ „მიიღებენ ისეთ შეთანხმებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმოქმედებს“, მაგრამ ბევრი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ადგილზე ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი. ასზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა აზრი, რომ შეთანხმებაზე მუშაობას აპირებს და ეს ოპტიმიზმს გვისახავს, განაცხადა შვედეთის პრემიერმა.
პარიზში 30 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის წევრთა კონფერენცია (COP21) გაიხსნა, რომელსაც თითქმის 150 ქვეყნის მეთაური და მთავრობის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების მსვლელობისას ახალი შეთანხმების მიღწევა იგეგმება, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე გაეროს ჩარჩო კონვენციის კიოტოს ოქმს ჩაანაცვლებს.