თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის აეროპორტში დღის რეისებზე შეზღუდვების ნაწილობრივ დაწესება საქართველოში უცხოელთა რაოდენობას შეამცირებს, მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1-27 მარტის პერიოდში დღის რეისებზე შეზღუდვები დაწესდება, რის მიზეზადაც ასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები დასახელდა.
„თბილისის აეროპორტი არა მარტო გარესამყაროსთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი, არამედ ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოდინების მნიშვნელოვანი კარიბჭეცაა. ბუნებრივია, რეისების შემცირება ვიზიტორების რაოდენობას — განსაკუთრებით სათხილამურო სეზონის პიკზე, შეამცირებს", — განაცხადა კანდელაკმა პრესკონფერენციაზე, რომელიც პარტიის „ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.
დეპუტატის განცხადებით, ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და სრულ პასუხისმგებლობას ამ კრიზისულ მდგომარეობაზე, „ქართული ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს.
„აეროპორტის სანახევროდ გაჩერება წარმოადგენს ამ პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული მავნებლური გადაწყვეტილების ერთ-ერთ მაგრამ არა ერთადერთ მაგალითს“, — აღნიშნა კანდელაკმა.