თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შეფასება, კოლეგისადმი — თოფაძის კრიტიკით დაიწყო. მან თოფაძეს თავის გამოსვლაში დასახელებული ფაქტების დაკონკრეტება და პრეზიდენტისათვის ბოდიშის მოხდა მოთხოვა.
"დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, ამ ტრიბუნიდან ჩემი კოლეგის გოგი თოფაძის განცხადება სულ მცირე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. ვფიქრობ, რომ ის ვალდებულია, კონკრეტული თარიღი და კონკრეტული ფრაზეოლოგია მოიყვანოს იმ გამონათქვამების დასადასტურებლად – ალბათ მიხვდით რაზეც მაქვს საუბარი… წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიშის მოხდა მოუწევს პრეზიდენტისადმი და ვფიქრობ, საზოგადოებისადმი. ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრდეს კვლევა-ძიება, იყო თუ არა ასეთი გამონათქვამები გამოყენებული, ასეთი შეფასებები მაინც კორექტულობის ზღვარს სცილდება, არასწორია და დღევანდელ დღეს არ შეეფერება", — განაცხადა გია ვოლსკიმ.
"ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე — თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, თქვენ გამოაცხადეთ, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახელშიო, სადაც თქვენ დღეს ხართ. ამის განცხადების მერე, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ნათქვამი გქონდათ და ხალხმა დაიჯერა, რომ თქვენ იქ არ შეხვიდოდით", — განაცხადა თოფაძემ.
მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას ოთხშაბათს პარლამენტში ესწრებოდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.