თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან დაკავშირებით აბსოლუტურად ჯანსაღი და სახელმწიფოებრივი პოზიცია ჰქონდა, თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი.
„ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირების აუცილებლობა. არის მიმართულებები სადაც დღესვე შეიძლება თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის და ესენია ეკონომიკა და სხვა ჰუმანიტარული საკითხები, თუმცა რჩება სისტემური პრობლემა, რომლის მოგვარებაც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. მე ვფიქრობ რომ პრეზიდენტის პოზიცია იყო ის პოზიცია, რომელიც სტრატეგიულად არის ჯანსაღი და სწორი“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ოთხშაბათს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.
მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.