თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისადმი ყოველწლიურ მოხსენებაში არაფერი უთქვამს ახალი და არ შეხებია იმ მთავარ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა.
„მან არაფერი თქვა იმ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რაც შექმნა საქართველოს მთავრობამ, იმ არასწორ გადაწყვეტილებებზე, რაც გააკეთა საქართველოს მთავრობამ. ასევე პრეზიდენტმა უბრალოდ არ ახსენა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის არაფორმალური მმართველობა, არაფერი თქვა ინსტიტუციურ პრობლემაზე, არ ახსენა ასევე „გაზპრომის“ საკითხი, რომელიც ასევე ეხება ჩვენს როგორც ენერგეტიკულ, შესაბამისად ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არაფერი თქვა სისტემურ კორუფციაზე… ძალიან ბევრი მიმართულებით პრეზიდენტის გა მოსვლა უნდა ყოფილიყო გაცილებით ცხადი“, — განაცხადა ოპოზიციონერმა სერგო რატიანმა.
"უმცირესობის" კიდევ ერთ დეპუტატს, პავლე კუბლაშვილს მიაჩნია, რომ „პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, მაგრამ არაფერი მის სიტყვაში დასამახსოვრებელი არ იყო“.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკის აზრით, „უფრო მკაფიოდ უნდა ყოფილიყო გზავნილები, რაზედაც მეტი სიღრმისეული ანალიზია საჭირო ასეთი დონის გამოსვლებისას“.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფოს მეთაურის მოხსენება. თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მადლობა გადაუხადა მარგველაშვილს „თითოეული იმ სიტყვისთვის, რომელიც ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე თქვა“. მისი განცხადებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ სკანდალის ფონზე, რომელიც ქართველი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არასრულწლოვანი მოქალაქე გოგონების მიმართ შესაძლო ძალადობას უკავშირდება.
„მინდა კმაყოფილებით განვაცხადო, რომ დავინახეთ ძალიან ერთიანი და ერთნაირი მიდგომები, პათოსი, ხედვა, ქვეყნის განვითარების, გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიორიტეტების. ეს არის ძალიან დამაიმედებელი კონკრეტულად იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, ინსტიტუტებმა ღიად და საჯაროდ გავუზიაროთ აზრი ერთმანეთს და ამასობაში გამოვხატოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციები“, — ეს სიტყვები კი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის წინა პრემიერისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელიც არასდროს დასწრებია პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მეთაურის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტის დარბაზიდან უსმენდა, ისევე როგორც მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა.