თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის მიკროავტობუსების მძღოლებმა ჯერ კიდევ იანვრის თვეში კომპანია“მეტროს“ წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს თურქული სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ სარჩელითაც მიმართეს.
ზუგდიდში დღეს გამართულ აქციაზე ცნობილი გახდა რომ შპს „ზუგდიდმა“ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა, რისი საფუძველიც შპს-ს 21 მოწილის უფლებების დარღვევა გახდა. კერძოდ, როგორც გაირკვა შპს “ზუგდიდის“ 21 მოწილედან თურქული კომპანია მხოლოდ სამ პიროვნებასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას და შესაბამისად, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა საბჭოს გზის ავლით მოხდა, — განუცხადეს Sputnik-ის ჟურნალისტ სოფო კაკაჩიას აქციის მონაწილეებმა.
როგორც მანამდე ზუგდიდის მიკროავტობუსის მძღოლები აცხადებდნენ, იმ შემთხვევაში თუ ზუგდიდში თურქული კოპმანია დაიწყებს საქმიანობას, ისინი სამსახურის გარეშე დარჩებიან.
აქციაზე, რომელიც საკმაოდ ფართომასშტაბიანი იყო და სოლიდარობის ნიშნად ქუთაისისა და სენაკის მიკროავტობუსის მძღოლებიც მონაწილეობდნენ, ასევე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის ავტოვაგზლის დირექტორმა ირა ნადარაიამ თანამდებობა დატოვა.
ამ დროისათვის კომპანია " მეტროს" ავტობუსები თბილისის მიმართულებით არ მოძრაობენ. აქციაზე კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.