თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყნის წინაშე საქართველოს ბუნება, ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს სახავს.
„პირველ რიგში ეგ არის სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები. საქართველოს მართლაც აქვს სერიოზული პოტენციალი და ამ თვალსაზრისით უბრალოდ უმნიშვნელოვანესია პრინციპული ნაბიჯების გადადგმა და ამ პოტენციალის ათვისება. მარტივად რომ ვისაუბროთ, სოფლის მეურნეობა უნდა გადაიქცეს ბიზნესად. და იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა გადაიქცეს ბიზნესად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი და პრინციპულია მიწის ბაზრის განვითარება", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში ტრადიციული ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ესწრება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.