თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ქულების 0.4 პუნქტით დაკლება საანგარიშო პერიოდში შრომის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმაც განაპირობა, თვლის ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.
„უპირატესად თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების“ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 23-ე პოზიციაზეა. ამერიკის კვლევითი ცენტრის „მემკვიდრეობის ფონდის“ (TheHeritageFoundation) მონაცემების თანახმად, გასულ წელთან შედარებით, ეს ერთი პუნქტით დაწეული მაჩვენებელია.
კვლევის თანახმად, საქართველოს რეიტინგმა გასულ წელთან შედარებით შემდეგი მაჩვენებლებით დაიწია: მეწარმეობის თავისუფლების რეგულირების ეფექტურობა, შრომის თავისუფლება და მონეტარული თავისუფლება.
საანგარიშო პერიოდში შეშელიძის თქმით, ბიზნესის რეგულაციები გაიზარდა. შრომის კანონმდებლობაში კი შევიდა ცვლილებები, რომელიც თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას ართულებს. რაც შეეხება, მონეტარულ თავისუფლებას, მოხდა ლარის მსყიდველობითი უნარის დაცემა ძირითად ვალუტებთან, განსაკუთრებით ამერიკულ დოლართან მიმართებაში, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა კერძო სექტორის და იმ ინდივიდებს, რომლებსაც ვალი ამერიკულ დოლარში ქონდათ, ხოლო შემოსავლები ლარში. პრობლემები ქონდა საბანკო სექტორს. ლიკვიდობის დეფიციტის გამო, მას სჭირდებოდა მუდმივი მხარდაჭერა ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების სესხის სახით. ამ სესხების მოცულობა ხშირად კვირაში მილიარდ ლარს აღწევდა. ეს კი ფაქტიურად ნიშნავს რომ მიუხედავად რეგულაციებისა, საბანკო სექტორი მაღალი რისკით მუშაობს და რომ არა ეს ინტერვენციები გაკოტრების პირზე იქნებოდა.
მეორე მხრივ სწორედ ეს რეგულაციები და ეროვნული ბანკის ჩარევის იმედი უბიძეგებს ბანკებს რისკიანი ოპერაციებისკენ — აღნიშნა პაატა შეშელიძემ. გარდა ამისა, ექსპერტის აზრით ბიზნესთან დაკავშირებით მიღებული იქნა მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც ინდექსში პოზიტიურად არ არის შეფასებული, მათ შორის სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა.
ამის პარალელურად, საქართველო, შემცირა რა გადასახადები, კორუფციის დონე და ასევე სარეგულაციო ნორმები, ლიდერად იქცა ეკონომიკურ საკითხებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ნათქვამია ანგარიშში.