თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სამშაბათს ახალი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა — ერთიანი საქართველოსთვის" დარეგისტრირდა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის შემადგენლობაში შევა.
ახალი მე-12 ფრაქციის შემადგენლობაში ექვსი დეპუტატი შევიდა. ფრაქციის თავმჯდომარე დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი გახდა, ხოლო მისი მოადგილე — აზურ სულეიმანოვი. ფრაქციის მდივანი შოთა მალაშხია იქნება.
„პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ფრაქცია დარეგისტრირებულად ითვლება და დღეიდან მას ფრაქციის შესაბამისი უფლებამოსილება ექნება“, — თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე, რომლის ვიდეოჩანაწერი პარლამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მანამდე საპარლამენტო უმცირესობა სამი ფრაქციით იყო წარმოდგენილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობა — მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა — რეგიონები“, რომლის ფორმირება ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მოახდინეს.