თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მიუხედავად ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნისა, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ბიუროზე უმრავლესობამ მხარი მმართველი ფრაქციის წინადადებას დაუჭირა, რომელიც პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის 15-15 წუთის დათმობას ითვალისწინებს.
„გადაწყვეტილება მიღებულია. რაც შეეხება ფრაქციების გამოსვლების თანმიმდევრობას, ამას… ადგილზე, სხდომის მიმდინარეობისას შევათანხმებთ“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე, რომლის ონლაინ ტრანსლაციაც უწყების საიტზე მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით ოთხშაბათს წარდგება პარლამენტის წინაშე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში.
პრეზიდენტის გამოსვლის ონლაინ ტექსტობრივ ტრანსლაციას თვალი ადევნეთ საიტზე „Sputnik საქართველო“ 14:00 საათიდან რეალური დროის რეჟიმში.