თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ევროპულ ქვეყნებში საფეხბურთო კლუბები სადაც ეროვნული ჩემპიონატები ჯერ არ განახლებულა ან არ დაწყებულა, სეზონისწინა მომზადებას განაგრძობენ.
მათ შორისაა პრაღის „სლავია“, რომელშიც ლევან ყენია თამაშობს. პოლონური „ლეხის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ყენიამ თავი 70-ე წუთზე გამოიჩინა, ხოლო მისმა გუნდმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. ეს შემტევი ნახევარმცველის პირველი გოლია წელს. სეზონისწინა შეკრების ნაწილი ყენიამ ტრავმის გამო გამოტოვა. შემდეგ საკონტროლო მატჩს „სლავია“ უახლოეს დღეებში კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ჩეხეთის ჩემპიონატი, რომელშიც პრაღის გუნდს მეხუთე ადგილი უკავია, 12 თებერვალს განახლდება.
არცთუ წარმატებით დასრულდა სეზონისწინა მზადება გიორგი ჭანტურიასთვის, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „დუისბურგში“ ასპარეზობს. derwesten.de-ს სპორტული ექსპერტების აზრით, საწვრთნელ შეკრებებზე ჭანტურიამ ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის დენის გროტთან და რომას ბროკერთან წააგო. უახლოეს პერიოდში, ანალიტიკოსების აზრით, 22 წლის ნახევარმცველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ მოხვდება. მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონატი 5 თებერვალს იწყება. „დუისბურგი“, რომელსაც ცხრილში ბოლო ადგილი უკავია, ზამთრის შესვენების შემდეგ პირველ მატჩს „ბოხუმის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
გრძელდება მზადება ჩემპიონატის მეორე წრისთვის რუსულ კლუბებშიც. „კრილია სოვეტოვმა“, რომლის კარსაც საქართველოს ნაკრები გიორგი ლორია იცავს, სატესტო მატჩში ნორვეგიულ „მოლდეს“ 2:1 სძლია. ლორიამ პირველ ტაიმში ითამაშა და კარი „კარგად ჩარაზული“ დატოვა. რუსეთის ჩემპიონატი 5 მარტს განახლდება. პირველი წრის შემდეგ „კრილია სოვეტოვი“ მე-12 ადგილზეა და აქტივში 19 ქულა აქვს.
მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ტერფზე ოპერაცია გაიკეთა, მალე გამოჯანმრთელდება, წერს გუნდის ოფიციალური ვებგვერდი. კლუბთან ერთად ანანიძე ესპანეთში სეზონისწინა შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც საერთო ჯგუფში ივარჯიშებს. თუმცა, „სპარტაკის“ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხაილ ვარტაპეტოვის თქმით, ზოგიერთ ვარჯიშს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შეზღუდულად ჩაატარებს.