თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დასვენებას მიჩვეული რუსი ტურისტები ბათუმისა და ქობულეთის ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად არ ჩამოვლენ, თვლის ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ნიკა კვარაცხელია.
„ჩვენ არ გვაქვს ის ტურისტული პროდუქტი, რომელიც თურქეთს გააჩნია, მიუხედავად იმისა რომ ზღვა ჩვენც გვაქვს. თურქეთში მილიონობით ტურისტი განსაკუთრებული მომსახურების გამო ჩადის, რომელსაც ჰქვია „All Inclusive» და რომელშიც სასტუმროსა და კვების ღირებულება შედის. ასეთი მომსახურების ფორმა საქართველოში ვერა და ვერ დაინერგა“- თვლის ნიკა კვარაცხელია.
ექსპერტის თქმით, საქართველოში ჩამოსულ ტურისტს სასტუმროც უფრო ძვირი უჯდება და კვებაშიც ცალკე უნდა იხადოს ფული.
„საერთო ჯამში კი დასასვენებლად საქართველო გაცილებით ძვირია ვიდრე თურქეთი და არა მგონია რუსი ტურისტი თურქეთის მაგივრად ჩვენთან ჩამოვიდეს“-აღნიშნა კვარაცხელიამ.
მისი თქმით რა თქმა უნდა საქართველოს რუსეთიდან ყოველთვის ეყოლება თავისი წილი ტურისტების და ეს ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებსაც მოგზაურობა იზიდავს.
2015 წლის ბოლოს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები სერიოზულად გამწვავდა, რაც თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებამ განაპირობა. ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ბოდიში არ მოიხადა, მოსკოვმა კი ამას სანქციებით უპასუხა, რომელთა ძირითადი ნაწილი 1 იანვარს ამოქმედდა.
ამგვარად, 2016 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ხილისა და ბოსტნეულის შეტანა, შეჩერდა ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი, ხოლო ტუროპერატორები რუსებისთვის ასე მოთხოვნად თურქულ კურორტებზე საგზურებს უკვე აღარ ყიდიან.