თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს 10 მილიონ დოლარამდე გამოუყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემის მოდერნიზაციისათვის. შესაბამის შეთანხმებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და დახმარების ფარგლებში მოეწერა ხელი.
ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ ეტაპზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების —„კასუმლოსა“ და „ქედის“ მშენებლობა დაიწყება, ასევე, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი დაკვირვების, თვალთვალისა და მონიტორინგის ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვება, — იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
გარდა ამისა, შეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა სასაზღვრო სექტორების კოშკურებით, ღამის ხედვისა და სითბური კამერებით აღჭურვა, სპეცავტოტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა. 2017 წლის მარტამდე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი მთლიანად აღიჭურვება დაკვირვების სისტემებითა და ტექნიკური საშუალებებით.
თებერვლიდან ასევე იგეგმება შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიური ცენტრის მშენებლობის დაწყება, სადაც შესაძლებელი იქნება ინსტრუქტორების გადამზადება და სამომსახურეო ძაღლების გაწვრთვნა. ახალი კინოლოგიური ცენტრი თანამედროვე სტანდარტების ვოლიერებით, სანაშენე ბოქსებითა და საოპერაციოებით იქნება აღჭურვილი.