თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი — ეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაა, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული და ეკონომიკური პერსპექტივები“.
ფორუმი უკვე მეორე წელია ტარდება და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიისა და ეკონომიკის გაძლიერების საკითხებს ეძღვნება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ: მთავრობის წევრები, დიპლომატები, პარლამენტარები, არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტები.
„კიდევ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებასა და ინოვაციებზე. საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. ამიტომ მთელი ყურადღება უნდა დავუთმოთ ჩვენს უმთავრეს რესურსს — ჩვენს ხალხს. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მეწარმეობის ხელშეწყობა მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია“, — მოჰყავს მთავრობის მეთაურის სიტყვები პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს.
კვირიკაშვილის თქმით, რეგიონში არასტაბილური მდგომარეობის ფონზე, ქართულმა რეფორმებმა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა.
ფორუმი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“და ბრემენის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში იმართება.