თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არჩევნების დროს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებაზე მუშაობას იწყებს, განაცხადა ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარასკევს, გარდაბნის ადგილობრივი არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტების კომენტარისას განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრება აუცილებელია.
„მე დავალება მივიღე. სამართლებრივი რეგულირების დეპარტამენტსა და სამინისტროს ანალიტიკოსებს ეს დავალება უკვე გადაეცათ. ისინი დაიწყებენ მუშაობას იმაზე, რომ გაიგონ, რა პრაქტიკა არსებობს სხვა ქვეყნებში“, — განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
გარდაბნის არჩევნები, როგორც ცესკოში განაცხადეს, მშვიდად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, მაგრამ საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირებების გარეშე არჩევნებს არ ჩაუვლია. როცა დაბინდდა, სიტყვიერი დაპირისპირებები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქვების სროლაში გადაიზარდა.