თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზებზე განგაშის მაღალი, „ნარინჯისფერი“ დონე გამოცხადდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.
სააგენტოს სამხედრო ანონიმური წყაროების ინფორმაციით, განგაშის ასეთი დონე „ყველაფრისთვის მზადყოფნასა“ და სარდლობასთან შეუთანხმებლად საფრთხეზე მფრინავების დაუყოვნებლივ პასუხს ნიშნავს.
გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავმა სუ-34-მა პარასკევს, 11.46 საათზე თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის არანაირი დარღვევა სირიაში რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავებით არ ყოფილა, ხოლო თურქული მხარის განცხადებები „ლიტონი პროპაგანდაა“. კონაშენკოვის განცხადებით, სირია-თურქეთის საზღვრებზე არც სირიაში განლაგებული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით და არც სირიული რადიოლოკაციური სადგურებით არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ნოემბერში რუსული თვითმფრინავი სუ-24 თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა ჩამოაგდო. თურქეთი მაშინ ასევე თავისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ აცხადებდა.