თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. რუსეთსა და თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობები გარკვეულწილად საქართველოზეც აისახება, რადგან ამ ორივე დიდ მეზობელს, გარკვეული გეოპოლიტიკური ამბიციები აწუხებს, მიაჩნია პოლიტოლოგ თამარ კიკნაძეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთმა შესაძლოა კონტრსანქციები გამოიყენოს რუსული პროდუქციის წინააღმდეგ. კერძოდ ანკარა დასამტკიცებლად ამზადებს ანტიდემპინგურ ბაჯს 13,66%-მდე რუსი მეტალურგებისათვის.
„საქართველოსთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან შექმნილ სიტუაციაში მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ჩვენთვის არასასურველი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. არ არის საჭირო პოლიტიკოსების მხრიდან არც ერთი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება“-აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
მისი თქმით, ზოგი პოლიტიკოსი თავის გამოსვლებში აქტიურად მხარს თურქეთს უჭერს, მკვეთრ განცხადებებს აკეთებს სირიაში მიმდინარე პროცესებზე და თურქეთი მიაჩნია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, რადგან ის ნატოს წევრი ქვეყანაა. ზოგი კი პირიქით, გამოდის და რუსეთის მხარეს იკავებს, რადგან თვლის რომ ეს არის საშუალება თურქეთის ეკონომიკური ექსპანსიის შესაჩერებლად.
„ვის დაუჭერს მხარს საქართველო, არც თურქეთისთვის და არც რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არ არის, სამაგიეროდ ეს მნიშვნელოვანი თვითონ საქართველოსთვის შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან, მის მიერ გაკეთებულ რაღაც განცხადება შეიძლება საბაბად იქნეს გამოყენებული. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ორივე მეზობელთან ყარსის ხელშეკრულება გვაკავშირებს“- თვლის პოლიტოლოგი.
რუსეთსა და თურქეთის ურთიერთობებში კრიზისია, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა F-16 სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ფაქტს „ტერორისტების ხელშემწყობთა“ მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ ინციდენტს სერიოზული შედეგი ექნება რუსულ-თურქული ურთიერთობებისათვის.