თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. რუსეთსა და თურქეთს შორის გართულებული ურთიერთობა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ლარის გაცვლით კურსზე, — მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, თურქეთმა შესაძლოა რუსული პროდუქციის მიმართ კონტრსანქციები დააწესოს. კერძოდ, ანკარა რუსი მეტალურგებისთვის 13,66%-მდე ანტიდემპინგური ბაჟის დაწესებისთვის ემზადება.
„კონფლიქტი და ეკონომიკური სანქციები რუსეთსა და თურქეთს შორის ნეგატიურად აისახება, უპირველესად, თავად ამ ქვეყნების ეკონომიკაზე და პირდაპირ გავლენას არ მოახდენს საქრათველოს ეკონომიკაზე. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთიცა და რუსეთიც საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორები არიან, რომ ამ ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს მათ ეროვნულ ვალუტებზე, გასაგები გახდება, რომ გაუფასურებული ლირა და რუბლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რისკ–ფაქტორად ყალიბდება, მათ შორის, ლართან მიმართე ბაში“, — განუცხადა Sputnik–ს ლევან კალანდაძემ.
მისი თქმით, ლარის მიმართ 3–4 თვის განმავლობაში დაგეგმილ ნაბიჯებში ეს რისკ–ფაქტორიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და ასევე ის ირიბი გავლენაც, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს რუსულ–თურქულ კონფლიქტსა და გართულებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს.
შეგახსენებთ: რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები მას შემდეგ გართულდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა F-16–მა სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთაგან ზურგში დარტყმა უწოდა. სახელმწიფოს მეთაურმა ეროვნული უსაფრთხოების დაცვისა და თურქეთის მიმართ სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების გატარების შესახებ ბრძანებულება გამოსცა.