თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. 5-10 ლტოლვილისა და მიგრანტისგან შემდგარი სპორტული გუნდი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშისა და ჰიმნის თანხლებით იასპარეზებს, განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა ათენის ელეონის რაიონში ლტოლვილთა განსახლების ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მიგრანტთა გუნდის ჩამოყალიბება ლტოლვილთა მხარდაჭერისთვის გადაწყდა, განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა. ამ სპორტსმენებს თავიანთი ოლიმპიური კომიტეტები არა ჰყავთ, რომელიც მათ დაეხმარებოდა, მათ არა აქვთ სამშობლო, ეროვნული დროშა და ჰიმნი, აღნიშნა ბახმა.
„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ლტოლვილები რიოში ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ. ისინი შეძლებენ ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებასა და თამაშებში სხვა სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას. ამგვარად გვინდა ლტოლვილებს ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ამგვარად გვინდა მთელი მსოფლიოს ყურადღება მივაპყროთ ლტოლვილთა პრობლემებზე, იმ სიძნელეებზე, რომლებიც პლანეტაზე 60 მილიონ ლტოლვილს აქვს“, — განაცხადა ბახმა.
მან მადლობა გადაუხადა საბერძნეთს, რომელიც ეხმარება ლტოლვილებს და ჰუმანიზმს ავლენს და განაცხადა, რომ ოლიმპიურ თამაშებს რიოში საბერძნეთისთვის სიმბოლური დატვირთვა ექნება. „თამაშების გახსნაზე საბერძნეთის გუნდი, ტრადიციულად, ყოველთვის პირველი გადის. ლტოლვილთა გუნდი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშითა და ჰიმნით, ბოლო იქნება“, — განაცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა.
ბახი ვარაუდობს, რომ გუნდი მრავალრიცხოვანი არ იქნება.
„ძნელი სათქმელია, რამდენი ლტოლვილი იქნება გუნდში, მაგრამ ველოდებით, რომ ბევრნი არ იქნებიან, რადგანაც სპორტსმენთა დონე თამაშებს უნდა შეესაბამებოდეს. არ გვინდა ყველა ლტოლვილს ცრუ სიგნალები გავუგზავნოთ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, გუნდში შეიძლება ხუთიდან ათამდე ლტოლვილი იყოს“, — განაცხადა ბახმა.
სპორტის რა სახეობებში შეიძლება წარდგნენ ლტოლვილები, ჯერჯერობით უცნობია.
ბახმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ასევე თავის ამოცანად მიიჩნევს დაეხმაროს იმ სპორტსმენებს, რომლებიც არ ცხოვრობენ საკუთარ ქვეყნებში, მაგრამ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდებში სურთ და შეუძლიათ გამოსვლა, მაგალითად სუდანის გუნდში. მან ასევე განაცხადა, რომ ლტოლვილებს ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონიაში შეუძლიათ მონაწილეობა. ტრადიციულად, პირველი ესტაფეტა საბერძნეთში ტარდება.
„ზოგიერთ ლტოლვილს ამ ესტაფეტაში მონაწილეობა შუძლია“, — განაცხადა ბახმა და დასძინა, რომ ამის თაობაზე საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ სპიროსოს კაპრალოსთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.