თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. როგორც ცნობილია, საზეიმო თარიღებს შორის არის ისეთი დღესასწაული, როგორიცაა „ინტერნეტის დღე“, მაგრამ ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კიდევ ერთი, თუმცა საკმაოდ უჩვეულო საზეიმო თარიღი — „საერთაშორისო დღე ინტერნეტის გარეშე“ (International Internet-Free Day). ამ დღეს მსოფლიო ინტერნეტ-საზოგადოება ყოველწლიურად იანვრის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავს, იუწყება პორტალი „კალენდარ სობიტიი“ („მოვლენათა კალენდარი“).
ამ დღესასწაულის მთავარი მიზანია, ადამიანები თუნდაც ერთი დღით მთლიანად მოწყვიტოს კომპიუტერებიდან და გლობალური ქსელიდან, რათა ეს დღე მხოლოდ „რეალურ“ სამყაროში გაატარონ, „ცოცხალი“ ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა ადამიანებთან, ან თავი საყვარელ ჰობის მიუძღვნან (რა თქმა უნდა, თუ ეს ჰობი ინტერნეტთან არაა დაკავშირებული).
ამ სადღესასწაულო თარიღის ისტორია 2000-იანი წლების დასაწყისში იღებს სათავეს, ხოლო მისი დაფუძნების ინიციატორი, ერთი ვერსიით, „სოციალური გამოგონებების ბრიტანული ინსტიტუტია“, ხოლო მეორე ვერსიით — ბრიტანული არაკომერციული ონლაინ-პროექტი „DoBe.org“. ერთადერთი, რაც ზუსტად არის ცნობილი, ისაა, რომ „ინტერნეტის გარეშე საერთაშორისო დღის“ ორგანიზატორები სწორედ აქტიური ინტერნეტ-მომხმარებლები არიან.
ბოლო ათი წლის განმავლობაში არა მარტო გაიზარდა ინტერნეტის სიჩქარე და მისი მომხმარებლების რაოდენობა, არამედ გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „კიბერადიქცია“, „ქსელომანია“, „ინფომანია“, „სოციალური იზოლაცია“ და ა. შ. სამწუხაროდ, ვირტუალური გარემო ბევრისთვის უფრო კომფორტული და მყუდრო აღმოჩნდა, ვიდრე რეალური სამყარო. ხოლო ახალგაზრდობის დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე ბევრ სპეციალისტსა და მშობელში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ამიტომ არსებულ ვითარებაში ჩნდება კითხვა — შეუძლია კი თანამედროვე მომხმარებელს, რომელიც ასე ძლიერაა გაბმული მსოფლიო „აბლაბუდაში“, თუნდაც ერთი დღე უარი თქვას ცივილიზაციის ამ დიდებულ გამოგონებაზე, და რითი შეუძლია მას დიდი სიამოვნებით ჩაანაცვლოს ის სიკეთეები, რასაც მას ეს „ყოვლისშემძლე“ და საყოველთაოდ მოდებული ინტერნეტი აძლევს?
„საერთაშორისო დღეს ინტერნეტის გარეშე“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ყოველწლიური ღონისძიებები მეტყველებს, რომ ეს თემა წლების განმავლობაში უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ამ აქციების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ისინი არ ბრძვიან მსოფლიო ქსელს და ინტერნეტს რაღაც „ცუდ“ მოვლენად არ მიიჩნევენ. მათ, უბრალოდ, უნდათ ადამიანების და პირველ რიგში, ახალგაზრდების ყურადღება მიაპყრონ იმას, რომ რეალურ სამყაროში ბევრი რამაა საინტერესო და მიმზიდველი, და რომ ერთი დღე მაინც შეიძლება გაატარო საყვარელი და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში, მიუძღვნა თავი საკუთარ ჰობის, ეწვიო მუზეუმს ან გამოფენას, ან თუნდაც, ბუნებაში გაისეირნო…
ამჟამად „საერთაშორისო დღეს ინტერნეტის გარეშე" მსოფლოს ბევრ ქალაქში ჰყავს მიმდევარი. შეეცადეთ, თქვენც აღნიშნოთ ეს დღე, მაგრამ ისე, როგორც ეს თქვენ მოგინდებათ, მთავარია, რომ დღე ქსელის გარეშე თქვენთვის სასიამოვნოდ გაატაროთ. რეალურ სამყაროში ხომ ამდენი საინტერესო და შეუცნობელი, ჯერ კიდევ გაუკეთებელი და დავიწყებული, სასიამოვნო და საყვარელი რამაა…