თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. რადიოსადგურ „საქართველოს ხმის“ დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ავტომობილში, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობაშია ბრალდებული, ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს, განაცხადა მედიასთან საუბრისას ბიზნესმენის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.
პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი, მისი დაკარგვიდან სამი დღის შემდეგ, სამართალდამცველებმა 16 იანვარს ბიძინა კუჭავას მიერ საბურთალოზე ნაქირავებ ბინაში იპოვეს. მას შემდეგ, რაც შესაბამისი სტრუქტურები მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნას შეუდგნენ, კუჭავას ავტომობილი პატრულის ეკიპაჟმა გააჩერა. კუჭავამ კი ამ დროს საკუთარი იარაღით თავი მოიკლა.
პოლიციამ კუჭავას ავტომობილის ხელახალი დათვალიერება მოახდინა, რასაც ადვოკატი კორკოტაძეც ესწრებოდა.
„ბიძინა კუჭავა 2016 წლის 16 იანვარს სახლიდან გავიდა. მისი მანქანა მეორე დღეს იპოვეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ცაგარელის ქუჩაზე იდგა. მანქანა მაშინვე დალუქეს. დღეს კი, დამატებითი დათვალიერებისას მანქანაში იარაღი იპოვეს. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო. ჩვენ გავარკვევთ თუ ვის ეკუთვნის იარაღი“, — განაცხადა კორკოტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
გამოძიების ოფიციალური ვერსიით, კუჭავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
იმ მანქანაში, რომელშიც კუჭავამ თავი მოიკლა, კიდევ ორი ადამიანი —დავით პოპოვი თავის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი პოპოვს ეკუთვნოდა.