პარასკევი, 29 იანვარი
ვარსკვლავების აღლუმია! თბილისში ფილარმონიის წინ ლეგენდარული ვოკალურ ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურის“ სოლისტს მაია ჯაბუას ვარსკვლავს გაუხსნიან. ამ მოვლენის აღსანიშნავად ფილარმონიაში მომღერლის მეგობრები და კოლეგები და თავად მაია ჯაბუაც კონცერტს გამართავენ. კონცერტზე საქართველოს სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
ქვეყნის ველოსიპედისტები თბილისის ცენტრში, დედაქალაქის ავტომობილისტებს თავის უფლებებს შეახსენებენ. Critical Mass-ის აქტივისტები ტრადიციულად თვის ბოლო პარასკევის ველომარშს გამართავენ. შეხვედრა ასევე ტრადიციულად 19:30 საათზე ყველასათვის ნაცნობ ველოსიპედის ძეგლთან შედგება.
გსურთ გაიგოთ როგორ უნდა შეცვალოთ მსოფლიო? ამას რეჟისორ როტუელის ამავე სახელწოდების დოკუმენტური ფილმიდან შეიტყობთ, რომლის უფასო კინოსეანსს Frontline Georgia გთავაზობთ. დასწრება თავისუფალია!
შაბათი, 30 იანვარი
თბილისის ალ.გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი ჩეხოვის „ალუბლის ბაღზე“ გიწვევთ. როლებში: გურანდა გაბუნია, ირინე მეღვინეთუხუცესი, ოლეგ მჭედლიშვილი და მიხელი არჯევანიძე. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.
გალერეა Art Space არგენტინელი ფოტოგრაფის პაბლო ფერარის თვალებით დანახული საქართველოს ფოტოგამოფენაზე გიწვევთ. ბუენოს-აირესში დაბადებული იტელიელი ფოტომხატვრის სამუშაო მივლინება საქართველოში გაურკვეველი ვადით გაგრძელდა. მიზეზი — არგენტინელს თავდავიწყებით შეუყვარდა საქართველო. ფერეს ექსპოზიციაზე საქართველოს ულამაზეს ველურ ბუნებას, თბილისის შთამბეჭდავ ხედებს მის აივნებსა და ჭიშკრებს ახალი თვალით დაინახავთ. გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ გამოფენას!
არაფერი გსმენიათ ბრუტალურ ქართულ როკზე?! ამის გამოსწორება შესაძლებელია თუ რობერტ კუხიანიძის კონცერტს ბარ 404-ში ეწვევით. საღამო 21:00 საათზე დაიწყება.
კვირა, 31 იანვარი
ამ სეზონის ყველაზე განსაკუთრებული მოვლენა — თბილისის განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი ექვსწლიანი რესტავრაციის შემდეგ მონატრებულ მაყურებელს კარს გაუღებს. სცენაზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა შედგება. თბილისელი მაყურებლისა და დედაქალაქის სტუმრების წინაშე განახლებული თეატრი თავის სავიზიტო სპექტაკლს წარადგენს — სასიყვარულო სამკუთხედის ტრაგიკულ ისტორიას. მთავარ როლებში — მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი. პრემიერა განმეორებით 2 და 21 თებერვალს გაიმართება.
უქმეების დასრულება კი ელექტრონული მუსიკის საღამოთი შეგიძლიათ, ქართველ და ევროპელ დიჯეებთან ერთად რესტორან „მტკვარში“. საღამო 23:00 საათზე დაიწყება.
SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!