თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა საგადასახადო რეფორმის განხილვის მსვლელობისას, საბიუჯეტო ხარჯების შემცირების საკითხს განიხილავს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომელიც საგადასახადო სისტემის „ესტონურ მოდელზე“ იქნება დაფუძნებული და გულისხმობს საწარმოს შემოსავლის იმ ნაწილის განთავისუფლებას გადასახადისაგან, რომელიც წარმოებაში ინვესტირებისა და განვითარებისაკენ იქნება მიმართული. ხოლო დაიბეგრება შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც დივიდენდების გადახდისათვის იქნება გამიზნული. მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოგების გადასახადი 15%-ია.
„ჩვენ განვიხილავთ საგადასახადო რეფორმას, ესე იგი ე.წ. „ესტონურ მოდელზე“ გადასვლას, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაა და ეს დადებით ეფექტს იქონიებს ლარის კურსის შემცირებაზე“, — თქვა კვირიკაშვილმა.
2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების საერთო მოცულობა 8.5 მილიარდი ლარის დონეზე იგეგმება. მათ შორის შრომის ანაზღაურებისათვის 1,4 მილიარდ ლარს გამოყოფენ, ხოლო საქონლისა და მომსახურების შეძენისათვის - 1 მილიარდ ლარს.