თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი ამაყობს იმ ქართველის სამხედროებით, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მისიებში მსახურობენ. განცხადება ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის, დღეს იყო ბევრი საამაყო ინფორმაცია ჩვენი მისიებიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ქართველი ჯარისკაცები არიან ის სიამაყე რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ“, — თქვა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას, სადაც საუბარია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედროებმა მცირეწლოვანი გოგონების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა განახორციელეს, პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა რომ მიმდინარეობს გამოძიება და მოუწოდა მათ, რომ გამოძიების შედეგებს დაელოდონ.
გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა პარასკევს გაავრცელა განცხადება, რომ 2014 წელს დაზარალებულებმა გაეროს წარმომადგენლებს მოუთხრეს უცხოელი სამხედროების მხრიდან გაუპატიურების ფაქტებზე. ამასთან სამმა დაზარალებულმა ქართველ სამხედროებზე მიუთითა.
ამ განცხადებას დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა.
„გასულ კვირას მივიღე ეს ინფორმაცია, ჩვენ იმ დღესვე მივეცით დავალება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებაზე, იმ დღესვე ჩამოვაცილეთ თანამდებობებს ის პირები რომლებიც 2014 წელს კურირებდნენ ამ თემებს, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, რომელიც მისიებს ხელმძღვანელობდა, იმისათვის, რომ ვინმეს გავლენა არ მოეხდინა გამოძიებაზე, პირველადი მონაცემებით დანაშაულის არანაირი ნიშნები, სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს. ჩვენ ასევე ამ დრომდე არ მიგვიღია არც ერთი დოკუმენტური მტკიცებულება და დოკუმენტი გაეროდან“, განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.
ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისიაში 2014 წლის ივლისიდან იღებენ მონაწილეობას.