თბილისი, 29 იანვარი —Sputnik. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცირეწლოვან მოქალაქეთა განცხადებას იმის თაობაზე, რომ ისინი ევროკავშირის მისიაში მონაწილე ქართველმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იძიებს.
დაზარალებულებმა ჯერ კიდევ 2014 წელს უამბეს გაეროს წარმომადგენლებს უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაუპატიურების ფაქტებზე, რომელთაგან სამმა ქართველ ჯარისკაცებს დაადო ხელი. აღნიშნული ინფორმაცია დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდრაად ალ ჰუსეინმა გაავრცელა.
„მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რა ენაზე საუბრობენ. საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს მთავრობისა და შეირაღებული ძალებისთვის“, — ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იქვე მითითებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს განზრახული აქვს საქმე უმოკლეს ვადებში გამოიძიოს აღნიშნული საქმე.
„დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას“, — აღნიშნულია განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გამოძიების დამთავრებამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოშორებულია ყველა ის პირი, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც იყო 2014 წლის ფაქტების გამოძიება.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის შუა პერიოდიდან მონაწილეობენ.