თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხში ზურაბ აბაშიძემ გამოთქვა რწმენა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ობიექტურად გამოიძიებს მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაში 2008 წელს მოხდა. საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2008 წელს შეიტანა სარჩელი სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ.
„მინდა შევუერთდე იმ მოლოდინს, რომ ეს პროცესი წარიმართება ობიექტურად და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, —განაცხადაზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ის ეთერში.
შეგახსენებთ: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუბენსუდას ინიციატივით, წარსულში უკვე გამოითხოვა რუსეთისგან საქართველოში 2008 წელს სამხედრო დანაშაულების გამოძიების ფაქტები.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სისხლის სამართლის იუსტიციის პირველი მუდმივი საერთაშორისო ორგანოა, რომლის კომპეტენციაშიც შედის იმ პირთა დევნა, ვინც პასუხისმგებელია გენოციდზე, სამხედრო დანაშაულზე, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და აგრესიაზე. სასამართლო 1998 წელს დაფუძნდა რომის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რომის სტატუტის სახელწოდებითაა ცნობილი. სტატუტი ძალაში 2002 წელს შევიდა.
რუსეთმა საერთაშორისო ხელშეკრულებას ხელი მის ძალაში შესვლამდე ორი წლით ადრე, 2000 წელს მოაწერა, თუმცა დღემდე არ მოუხდენია რატიფიკაცია. ამგვარად, რუსეთზე, ისევე როგორც აშშ–ზე, ჩინეთზე, უკრაინასა და რიგ სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების იურისდიქცია არ ვრცელდება.