თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში მზადაა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდეს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შესახვედრად მზადაა, ასევე, სამომავლოდ, რუსეთისა და საქართველოს მეთაურების შეხვედრაც არ გამორიცხა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შესაძლოა შეხვედრა შედგეს თუ იქნება შესაბამისი გარემოებები და იქნება შესაბამისად მომზადებული“, — განუცხადა ჟურნალისტებს ჯანელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს სურვილია რუსეთთან და რუს ხალხთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობებით ჰქონდეს, თუმცა ამას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა უშლის ხელს, აღნიშნა დიპლომატმა.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.