BBC-ის საერთაშორისო სამსახურის ყოფილი უფროსი ჯონ ტუსა (John Tusa) თბილისში გამართულ შეხვედრაზე ქართველი ჟურნალისტების წინაშე ანგარიშით „მედიის როლი კულტურის განვითარებაში“ წარდგა.
ჯონ ტუსა თბილისს ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა —კულტურა და კრეატიულობის“ ფარგლებში ეწვია. მან ქართული მედია-საშუალებების ხელმძღვანელებთან და მთავარ რედაქტორებთან შეხვედრა გამართა, საკუთარი გამოცდილება გააცნო და განუმარტა თუ როგორ უნდა მოამზადონ კულტურის სფეროში საერთაშორისო პროექტები.
შეხვედრაზე ტუსამ აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის როლს კულტურის განვითარების საქმეში. ამასთან დასძინა, რომ ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მედიის მუშაობაში.
სერ ჯონ ტუსა მიიჩნევს, რომ კრეატიული განათლება ადამიანმა სკოლის ასაკიდან უნდა მიიღოს. მისი აზრით, კრეატიულობის სფერო (როგორიცაა დიზაინი, მოდა, ხელოვნების სხვადასხვა დარგი) დიდ ბრიტანეთში განიხილება როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. გაერთიანებულ სამეფოში 100 ათასი ადამიანია ამ სფეროში ჩართული. გარდა ამისა, დღეს კულტურისა და კრეატივის სფერო მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს და ევროკავშირის ქვეყნებში ამ სფეროებში დაახლოებით 8 მლნ ადამიანზე მეტია დასაქმებული.
ბრიტანელი რადიო და ტელეჟურნალისტი ჯონ ტუსა 1980-1986 წლებში BBC-ზე პროგრამა Newsnight-ის წამყვანი იყო. 1986-1993 წლებში BBC-ის საერთაშორისო სამსახური უფროსი. 1995-2007 წლებში მას ხელოვნების ცენტრ „ბარბიკანის“ მმართველო დირექტორი იყო. გარდა ამისა, ბრიტანეთის კულტურისა და ხელოვნების სფეროში მას ხელმძღვანელი პოსტები ეკავა. 2014 წლიდან ჯონ ტუსა ევროკავშირის ახალგაზრდული ორკესტრის თანათავმჯდომარეა.