საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა სერბიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ეს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი გამარჯვებაა ჩატარებული შვიდი მატჩიდან. ნაკრები მე–14 ადგილზეა.
ეს შედეგი ოდნავ უკეთესია ორი წლის წინანდელზე, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვედრილმა საქართველოს ნაკრებმა ყველა შეხვედრა წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა.
ვატერპოლისტთა პრობლემებზე Sputnik-თან ქართული პოლოს ვეტერანმა, თბილისის „დინამოს“ ყოფილმა წევრმა შოთა ბაღათურიამ ისაუბრა.
- ის, რაც ახლა ხდება, ჯამში გუნდის რეგრესია თუ პროგრესი?
— ერთმნიშვნელოვანი შეფასების გაკეთება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ორი ჩემპიონატის შემაჯამებელი დასკვნები თავად ამბობს სათქმელს, ამ ტურნირზე ნამდვილად იყო დადებითი მომენტები. უპირველესად კი ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ. გუნდისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა შეგვეძლო, სულ ცოტა, ორჯერ მოგვეგო. მაგალითად, ჰოლანდიასთან შეხვედრაში ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. და მეორეც: ჩვენ საქმეში ვნახეთ ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე წელში აუცილებლად გამოავლენენ თავებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი 18 წლის ანდრო ბითაძეს, რომელიც უკვე ერთი წელია, „ბარსელონაში“ თამაშობს, და რევაზ იმნაიშვილს, რომელიც უნგრეთის „სეგეთში“ გამოდის. ისინი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში გამოვლენ შესარჩევ ტურნირში, რომელიც თბილისში მაისის დასაწყისში გაიმართება.
- სხვათა შორის, სწორედ იმნაიშვილმა ვერ გამოიყენა პენალტების სერიაში გოლის გატანის შანსი ჰოლანდიასთან შეხვედრაში. ხომ არ აისახება ეს მის ფსიქოლოგიაზე?
— ვფიქრობ, არ აისახება. იმ მომენტში საქართველოს ნაკრებიდან ორი მოთამაშე იყო გაძევებული — ბაღათურია და ელაჩა. და ის, რომ გადამწყვეტი ტყორცნა სწორედ იმნაიშვილს ანდეს, ბევრის მთქმელია. მიზანს კი ყველამ შეიძლებაა აცილოს ბურთი. ამისგან დაზღვეული არავინაა. ბაჯოც კი.
- რატომ მოიწვიეს ნაკრებში უცხოელი სპორტსმენები?
— ამ დროისათვის ეროვნულ ნაკრებში ოთხი უცხოელი თამაშობს. ესენი არიან: დამირ ცრეპულია, მარკო ელესი, მარკო ელაჩა და ივან სტრუიჩი. მათი მოწვევა აუცილებელი იყო, რათა ქართველ სპორტსმენებს მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე თამაშის შანსი მისცემოდათ. სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში წყალბურთი საქართველოში სრულად იყო მივიწყებული — არც საკმარისი დაფინანსება არსებობდა, არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუმცა სპორტსმენები მაინც ვარჯიშობდნენ და მაინც თამაშობდნენ. აუცილებელი იყო, მათთვის ევროპის ჩემპიონატის მსგავს მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლის შანსი მიგვეცა, რისთვისაც უცხოელი წყალბურთელების მოწვევა გახდა საჭირო გუნდის გასაძლიერებლად.
- როგორი მდგომარეობაა დღეს საქრათველოში წყალბურთის განხრით? არის თუ არა სასიკეთო ცვლილებები ოცწლიანი მივიწყების შემდეგ?
— არც ისე კარგი მდგომარეობაა. წყალბურთის ხარისხიანად განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა უშლის ხელს. კატასტროფულად არ გვყოფნის სტანდარტული აუზები, სადაც სპორტსმენები ივარჯიშებდნენ. არადა, მოზარდ თაობას უზარმაზარი ინტერესი აქვს წყალბურთის მიმართ. თავად განსაჯეთ, სპორტის წყლის სახეობებზე (წყალბურთი, ცურვა, წყალში ხტომა და სინქრონული ცურვა) წელიწადში სულ 1 მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყოფა. ამდენს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იღებს ხელფასის სახით. ასეთ პირობებში რა ხარისხიან განვითარებაზეა, საერთოდ, საუბარი?! ისიც სათქმელია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გამოსვლა საერთოდ არ შუქდებოდა მედიით და ეს ძალიან საწყენია.
- რაშია ბალკანეთის ქვეყნების ფენომენი —მხოლოდ ინფრასტრუქტურის არსებობაში? სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2001 წლიდან მხოლოდ (!) ბალკანელები (სერბები, ჩერნოგორიელები, ხორვატები) იმარჯვებდნენ ევროპის ჩემპიონატებში. ამასთან, სერბები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან, ხორვატები კი — ოლიმპიური ჩემპიონები.
— საქმე ისაა, რომ წყალბურთის განვითარება კონკრეტულად სერბეთში სამთავრობო პროგრამის დონეზე მიმდინარეობს, რომელიც 14 წლის წინ ამოქმედდა. ძირითადი ნაკრების ამჟამინდელმა წევრებმა ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარეს და ყველგან ჩემპიონები ხდებოდნენ. მათ უკვე ჩამოუყალიბდათ გამარჯვებულის ფსიქოლოგია, რაც წყალბურთშიც და სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც სერბებს აქამდე არ მოუგიათ — ეს ოლიმპიადაა. და რიო–დე–ჟანეიროში გამარჯვებამათთვის პრიორიტეტული გახლავთ.
- როგორაა საქმე, ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ქართულ ნაკრებში? ამან ხომ არ შეუწყო ხელი ჯგუფურ ეტაპზე მარცხს რუმინელებთან და გერმანელებთან?
— სრულ სიმართლეს ბრძანებთ. რუმინელებთანაც და გერმანელებთანაც თანაბრად ვთამაშობდით, მაგრამ ორივე მატჩში მოხდა ის, რამაც ფსიქოლოგიურად გატეხა ჩვენი გუნდი. რუმინელებთან შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 5:6 იყო, საქართველოს ნაკრებმა კონტრშეტევა წამოიწყო და ერთ მოწინააღმდეგეს ორი ჩვენიანი დაუპირისპირდა —ცრეპულია და ელაჩა. სამწუხაროდ, ამ მომენტის რეალიზება ვერ მოხერხდა და ამის შემდეგ ზედიზედ შვიდი გოლი გავუშვით საკუთარ კარში. რაც შეეხება გერმანიასთან შეხვედრას, როცა მატჩს ანგარიშით 5:2 ვიგებდით, ერთი უსუფთავესი გოლი არ ჩაგვითვალეს. ამის საპასუხო შეტევა კი გერმანელებმა გოლით დაასრულეს და ანგარიში,6:2–ის ნაცვლად, 5:3 გახდა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამით აიხსნება მარცხი ორივე შეხვედრაში.
- საქართველოს ნაკრებიდან ვის დაასახელებდით საუკეთესო მოთამაშედ?
— არ მინდა, ვინმე გავანაწყენო, ყველამ ღირსეულად ითამაშა. თუმცა ლიდერთა სამეულს მაინც გამოვყოფდი. ესენი არიან: გუნდის კაპიტანი და ჭეშმარიტი ლიდერი ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია (არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, არამედ იმიტომ, რომ სწორედ მისი აქტიური მოქმედებების წყალობით გავიმარჯვეთ თურქებთან) და დამირ ცრეპულია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავდი ძალიან პერსპექტიულ ახალგაზრდებს — იმნაიშვილსა და ბითაძეს.
2016 წელს საქართველოს წყლის სპორტული სახეობების ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. როგორ აისახება ეს საქართველოში წყალბურთის განვითარებაზე, მალე შევიტყობთ. თუმ ცა ეს სულ სხვა ისტორიაა.