თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის 384 სკოლაში შეაჩეროს სასწავლო პროცეში ამინდის გაუარესებისა და ვირუსული ინფექციების გავრცელების საშიშროების გამო, იტყობინება სამინისტრო.
საქართველოს 180 სკოლაში, მათ შორის თბილისის რამდენიმე ათეულ სკოლაში, გრიპის გამო კარანტინია შემოღებული. ავადმყოფობის გამო სკოლას მოსწავლეთა 20%-ზე მეტი აცდენს. ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო რეკომენდაციას იძლევა შეწყდეს სასწავლო პროცესი 3 დღით.
ამ დროისათვის ვირუსი ქვეყნის 1000 მცხოვრებზე 332 ადამიანს აქვს, განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში. საქართველოსათვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 1000 კაცზე 500 შემთხვევაა. წლის დასაწყისიდან საქართველოში H1N1 ვირუსით გამოწვეული დაავადებების შედეგად სამი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო H3N2 —ის შედეგად — 1.
დანარჩენი 204 სკოლა საქართველოს ოთხ რეგიონში — კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და გურიაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაიხურა.
უამინდობა პრობლემებს საქართველოში 19 იანვრიდან ქმნის. ძლიერი თოვლის გამო შეფერხებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ისე შიდა გზებზე.
დათოვლილი ბათუმის შთაბეჭდილებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ Sputnik-ის სტატიაში.