აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, განაცხადა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ეს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხელს არ უშლის.

მანამდე, სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე წავიდეს, მაგრამ ამ საკითხის განხილვა უცნაურია მაშინ, როდესაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არის. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში ყინული დაიძრა

„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან, თუ რატომ… სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. მაგრამ  თუკი მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით და ჩვენ დავინახავთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, ალბათ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან გაუქმებას, დიპლომატიური ურთიერთობა არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის”, — განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

უფრო ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. 

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთში ვიზიტისთვის ვიზები უნდა მიიღონ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზადაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პირობები გაამარტივა.


ყველა ახალი ამბავი
0