თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2016 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პარტიები 150 სადეპუტატო სავარძლისთვის იბრძოლებენ.
„მე პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სათათბირო საბჭოს წევრი ვარ. როდესაც ბატონი ბიძინა (ივანიშვილი) პარტიის თავმჯდომარე იყო, პოლიტსაბჭოს წევრი ვიყავი,თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოვხვდისიაში… ჩვენ კოალიციასთან („ქართული ოცნება“) მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და რა თქმა უნდა, ჩემი პარტიიდან კენჭისყრაში მონაწილეობამინდა“, — განაცხადა ბაბაევმა პორტალ kvira.ge-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, რაც ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ის დარწმუნებულია, რომ, თუ საარჩევნო სიაში იქნება, მმართველი კოალიციისთვის მეტი ამომრჩევლის მოზიდვას შეძლებს.
„მათ, ვინც პარტიულ სიებს ადგენს, მინდა მოვუწოდო, წაიკითხონ საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი, სადაც წერია, რომ ადამიანს, ვინც ფლობს სახელმწიფო ენას, შეუძლია პარლამენტის წევრი გახდეს… და „ქართულმა ოცნებამაც“, ოპოზიციურმა ძალებმაც, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის კანდიდატები, რომლებმაც იციან ქართული, როგორც სახელმწიფო ენა და საზოგადოებაში ცნობილი პირები არიან“, — აღნიშნა მან.
ახალი ხელისუფლება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის სათავეში 2012 წელს მოვიდა. ამჟამად მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული არიან პარტიები: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი 2012 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებების დაცვა, მათი დახმარება საზოგადოებაში ინტეგრაციაში, ასევე თვითმყოფადობის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებაში. გარდა ამისა, კონგრესი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს.