თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. სათავო უმაღლესი სასწავლებლების შექმნა საქართველოდან რუსეთში სასწავლებლად აბიტურიენტების წასვლას ხელს არ შეუშლის, განუცხადა ორშაბათს პორტალ Sputnik-ს საქართველოში რუს თანამემამულეთა კავშირ „ოტჩიზნის“ პრეზიდენტმა ვალერი სვარჩუკმა.
მანამდე რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დმიტრი ლივანოვმა უმაღლესი განათლების რეფორმის მასშტაბური პროგრამის შესახებ განაცხადა, რაც მცირე რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების მრავალპროფილურ სათავო უნივერსიტეტებად გაერთიანებას გულისხმობს, რომლებიც სახელმწიფოსგან დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ.
„დავუშვათ, სამხრეთ-დასავლეთის უნივერსიტეტი ან ჩრდილოეთის უნივერსიტეტი და რა… არაფერი ახალი არ ხდება… ეს რუსეთის შიგნით სუფთა ადმინისტრაციული სამუშაოა. ამით უმაღლესი სასწავლებელი არ გამსხვილდება იმ თვალსაზრისით, რომ ყველას ერთ უმაღლესში „ათავსებენ“, უბრალოდ, ეს სასწავლებლები რეგიონული წესით გაერთიანდებიან“, — განაცხადა სვარჩუკმა.
რუსეთში სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტებს საქართველოდან შეუძლიათ ანკეტის შევსება, სასურველი ქალაქის, უმაღლესი სასწავლებლის არჩევა და რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე სასწავლებლად წასვლა.
„ჩვენ კვოტას „როსსოტრუდნიჩესტვოს“ საშუალებით ვიღებთ… შემდეგ აქ საქართველოს ყველა რეგიონიდან ადამიანებს ვკრებთ, ვისაც სურვილი აქვს, ვამზადებთ დოკუმენტებს და ვუგზავნით „როსსოტრუდნიჩესტვოს“. შემდეგ „როსსოტრუდნიჩესტვო“ დოკუმენტებს რუსეთის განათლების სამინისტროს უგზავნის. აბიტურიენტები უთითებენ, რომელ ქალაქში და რომელ ფაკულტეტზე სურთ სწავლა“, — აღნიშნა სვარჩუკმა.
თითოეულ აბიტურიენტს სამი ქალაქისა და უმაღლესი სასწავლებლის, სასურველი სპეციალობის მითითების უფლება აქვს. უმაღლესი სასწავლებლის სიაში არ შედის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის აკადემია. იმისთვის, რომ რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხონ, აბიტურიენტებმა უნდა წარადგინონ ჯანმრთელობის ცნობა, ატესტატი, შეფასებების ფურცელი და მათ უნდა იცოდნენ რუსული ენა.
განათლების სამინისტროს ექსპერტთა საბჭომ სათავო უნივერსიტეტების შექმნაზე უმაღლესი სასწავლებლების 12 განაცხადი განიხილა და პროგრამაში მონაწილეობის რეკომენდაცია 11 მათგანზე გასცა.
ექსპერტთა საბჭოს შერჩევა გაიარეს ვოლგოგრადის სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ვორონეჟის სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ვიატსკის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, დონის სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კოსტრომის სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ომსკის სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ორლოვსკის ტურგენევის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სამარის სახელმწიფო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ციმბირის აკადემიკოს რეშეტნევის სახელობის სახელმწიფო აეროკოსმოსური უნივერსიტეტმა, ტიუმენის სახელმწიფო ნავთობგაზის უნივერსიტეტმა და უფის სახელმწიფო ნავთობის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. ვოლგოგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტს განაცხადზე უარი ეთქვა.