თბილისში "განათლების საერთაშორისო გამოფენა – 2015" გაიმართა, რომელზეც ქართველ აბიტურიენტებს საკუთარი პროგრამები და შეთავაზებები წარმოუდგინეს უცხოურმა უნივერსიტეტებმა, ძირითადად აშშ–დან და დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
თბილისის საგამოფენო ცენტრის, ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე გამოფენას ასობით მოსწავლე ეწვია, რომლებიც აქტიურად ინტერესდებოდნენ უცხოური უნივერსიტეტების შეთავაზებებით.
როგორც Sputnik საქართველოსთან საუბარში გამოფენის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ღონისძიება გაზაფხულზე საგამოფენო ცენტრში შემდგარი განათლების მასშტაბური გამოფენისგან იმით განსხვავდება, რომ მასში მონაწილეობა მხოლოდ უცხოურმა უნივერსიტეტებმა მიიღეს და გამოფენა ორიენტირებული იყო სკოლის გამოსაშვები კლასების მოსწავლეებისკენ, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას არჩევანის გაკეთება მოუწევთ.