თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-ში მომუშავეთა 87 % ქალია, ნათქვამია შსს-ს გენდერული აუდიტის ანგარიშში, რომელიც შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, უწყების საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში მომუშავე ქალთა რაოდენობა 65%-ია, კადრების მთავარ სამმართველოში — 60%, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში — 56%, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში 58%.
ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში აუდიტის ჩატარების პერიოდში (2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი), სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში ქალები, როგორც შტატიანი, ისე შტატგარეშე თანამშრომლები, 14%-ს შეადგენდნენ (რაც 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 1,5%-ით გაზრდილია).
უწყება აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი რიგი ინიციატივები განახორციელა გენდერულ საკითხებზე მიმართული ვალდებულებების შესასრულებლად: შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროში 2013 წლიდან აღინიშნება ქალთა საერთაშორისო დღე — 8 მარტი. ამასთან თბილისში უკვე სამი წელია იმართება პოლიციელ ქალთა რეგიონული კონფერენცია აშშ-ის საელჩოს საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) მხარდაჭერით. კონფერენციას ესწრებიან საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების შსს-ს ოფიცერი ქალები. ძირითადი ყურადღება ეთმობა ქალების მმართველ პოზიციაზე დასაქმების, მენტორული უნარ-ჩვევების, წარმატების სტრატეგიის და სხვა საკითხებს.
„სამინისტროს მიერ განხორციელებული პროაქტიული ღონისძიებები აუდიტმა პოზიტიურად შეაფასა და შესაბამისი რეკომენდაციები წარმოადგინა“, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.