თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ მძღოლების წახალისებას გეგმავს, რომლებიც ქულათა სისტემის შემოღებიდან ერთ წელიწადში 100 ქულას შეინარჩუნებენ, განაცხადა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე.
შსს-ს ახალი ინიციატივის თანახმად, საქართველოში მძღოლებს წლის დასაწყისში 100 ქულა დაერიცხებათ, რომლებიც შემდეგ, საგზაო მოძრაობის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმასთან ერთად დაექვითებათ. თუ მძღოლი ქულებს ამოწურავს, მას მართვის მოწმობა ჩამოერთმევა და მის მისაღებად გამოცდები ხელახლა უნდა ჩააბაროს.
„იმ მძღოლებისთვის, ვინც მომავალი წლის 1 იანვრისთვის 100 ქულას შეინარჩუნებენ, წახალისების სისტემის დანერგვას ვგეგმავთ“, — განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან, კონკრეტულად როგორ აპირებს უწყება მძღოლების წახალისებას, მინისტრის მოადგილეს არ დაუზუსტებია.
„ეს საკითხი შემუშავების პროცესშია“, — აღნიშნა მან.