თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „გაზპრომის“ საკითხი უშიშროების საბჭოს განსახილველი არ არის, ინფორმაციას ამის შესახებ ქართული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ეს წმინდა ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებია და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია.
"მე არ მგონია, რომ უშიშროების საბჭოზე უნდა განვიხილოთ ინფრასტრუქტურის ტექნიკური საკითხები. უშიშროების საბჭო არის სპეციალური ინსტიტუტი, სადაც გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანგებო საკითხები იხილება და ვერაფერს საგანგებოს ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ", — განახცადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება გაზის მოწოდების საკითხს, კვირიკაშვილის თქმით, მან უამრავი ბრალდება მოისმინა ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და მთავრობის მიმართ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისინი მაქსიმალურად არიან მოწოდებულნი, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვან.
„იმაზე ზევით იქნა აწეული ეს საკითხი ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას ნამდვილად არ გააჩნია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მე ვისმენ ამდენი დღის განმავლობაში", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მანამდე ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საკითხი განიხილება. ოპოზიციამ ბრალი დასდო ხელისუფლებას „გაზპრომის“ საკითხში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების ლობირებაში.
საქართველო ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს კომპანია „გაზპრომთან“ მას შემდეგ, რაც კომპანიამ მოითხოვა რუსეთიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის სომხეთში ტრანსპორტირების სანაცვლოდ, ტრანზიტის საფასურის თანხით გადახდა და არა ნედლეულით, რასაც არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა. შეთანხმების ვადა 2015 წლის დეკემბერში ამოიწურა. ამასთან ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპირებს „გაზპრომისაგან“ კომერციული გაზი იყიდოს.