თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. უმრავლესობის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა.
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში პირველის მოსმენები დაიწყო კანონპროექტებზე საგზაო მოძრაობის სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ჯარიმების გაზრდას, დასჯის ალტერნატიული სისტემის შემოღებასა და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შემოტანის აკრძალვას ეხება.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მეჭიაური პარლამენტის შენობაში შედიოდა. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა სტვენა დაიწყეს. აქციის მონაწილის არტურ არუთინოვის განცხადებით, სწორედ მაშინ დაარტყა მას მეჭიაურმა და დეპუტატმა და აქციის მონაწილემ შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს.
„დეპუტატმა მე დამარტყა, რადგან მე ჩემი პირადი პროტესტი გამოვხატე და სტვენა დავიწყე“, — უთხრა ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის ეთერში არუთინოვმა.